სატრანსფერო საგა გრძელდება — როდის მიიღებს მბაპე საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას?
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, კილიან მბაპეს პარიზულ გუნდსა და "რეალს" შორის არჩევანი ჯერ კიდევ არ გაუკეთებია.
ფრანგი სუპერვარსკვლავის ოჯახი ამჟამად დოჰაშია და კლუბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"პსჟ" ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ 23 წლის ფორვარდს მოკლევადიან ხელშეკრულებაზე შეუთანხმდება.
მბაპეს ოჯახის დოჰაში ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი. როგორც აღინიშნება, ორშაბათიდან ყატარის დედაქალაქში იმყოფება "პსჟ"-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფიც.
RMC Sport-ის ცნობით, კილიანის ოჯახი "რეალის" წარმომადგენლებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს. შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება და ძირითადად საიმიჯო უფლებებს განიხილავენ.
მბაპეს ოჯახი პარიზელთა პროექტსაც განიხილავს და მადრიდელებისაც, ამის შემდეგ კი კილიანი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 18 ასისტი გააკეთა.