რუდიგერი ახალ კლუბს შეუთანხმდა, კონტრაქტი მალე გაფორმდება — ფაბრიციო რომანო
ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი მადრიდის "რეალში" გადასვლასთან არის ახლოს, წერს ფაბრიციო რომანო.
როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი იტყობინება, "სამეფო კლუბმა" 29 წლის გერმანელთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც ზაფხულში "არისტოკრატთა" რიგებს უფასოდ დატოვებს, თუმცა კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა.
მალე მხარეები ხელშეკრულების დეტალებს განიხილავენ. რუდიგერი "ბლანკოსთან" გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
აქამდე, "ჩელსის" მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა დაადასტურა, რომ ანტონიო ამ ზაფხულს გუნდიდან წავა: "სანქციების გამო ხელები შეკრული გვაქვს. "ჩელსის" დააკლდება".
მიმდინარე სეზონში რუდიგერმა ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" მაისურით 47 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.