სიომინი: "ნაპოლიმ კვარაცხელია ინსინიეს შემცვლელად იყიდა და სასტარტო შემადგენლობის წევრად მოიაზრებს"
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ბათუმის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
"ხვიჩა გადავიდა გუნდში, სადაც ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებენ. "ნაპოლიდან" ინსინიე წავიდა, მის ნაცვლად კი კვარაცხელია დაიმატეს".
"ამავდროულად, ნეაპოლელთა მწვრთნელი სპალეტია, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგას კარგად იცნობს. ვფიქრობ, ხვიჩას თამაში არაერთხელ უნახავს. ეს დადებითი მომენტია".
"მთავარია, მუდმივად უმატებს. "ლოკომოტივის" შემდეგ, "რუბინში" კიდევ უფრო უკეთესი გახდა. ნაკრებშიც ასეა. ეს მისი ზრდის მაჩვენებელია. ხვიჩა ნიჭიერი ფეხბურთელია. დრო გვიჩვენებს, დააკმაყოფილებს თუ არა სერია ა-ს დონეს".
"იტალიური აუცილებლად უნდა ისწავლოს, რათა თავი დაიმკვიდროს. ნეაპოლი საქართველოს ჰგავს. თავის კარგად წარმოსაჩენად ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი აქვს. წარმატებებს ვუსურვებ. ძალიან ვწუხდი, როცა "ლოკომოტივიდან" წავიდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება", - თქვა სიომინმა რუსულ მედიასთან საუბრისას.
მოგეხსენებათ, 21 წლის ქართველი შემტევი "ლოკომოტივში" 2019 წლის თებერვლიდან იმავე წლის ივნისამდე ირიცხებოდა და მისი დამრიგებელი სწორედ სიომინი გახლდათ.