ანანიძე კვარაცხელიას ტრანსფერზე: "ხვიჩა კარგი ბიჭია, ნაპოლიში ათამაშდება, თუ ნდობას მოიპოვებს"
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა, ამჟამად კი ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
"რადგანაც "ნაპოლიმ" ასეთი არჩევანი გააკეთა, ესე იგი გუნდს იგი სჭირდება. თუ იქ ხვიჩა ისეთივე ნდობას მოიპოვებს, როგორიც სლუცკისგან ჰქონდა, "ნაპოლიშიც" კარგად ათამაშდება".
"ერთად ვერც ნაკრებში ვითამაშეთ და ვერც ბათუმის "დინამოში", მაგრამ ვხედავ, როგორ ვარჯიშობს და მუშაობს, ამიტომაც ვფიქრობ, ყველაფერი გამოუვა".
"მაგრამ ყველაზე მთავარი ნდობაა. თუ ხვიჩა მას მოიპოვებს, "ნაპოლიში" ათამაშდება. წარმატებებს ვუსურვებ, კარგი ბიჭია", - ციტირებს ანანიძის სიტყვებს რუსული მედია.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ სეზონი ყაზანის "რუბინში" დაიწყო. მარტის ბოლოს რუსულმა კლუბმა მასთან კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბათუმის "დინამოსთან" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
21 წლის ქართველი ფეხბურთელი "რუბინში" 2019 წელს "რუსთავიდან" გადავიდა. Transfermarkt-ის ვერსიით, ხვიჩას ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს.