ავტორიზაცია

"13 წლის ასაკში ნარკოტიკებით ვვაჭრობდი, ვმათხოვრობდი", - ევრამ მძიმე ბავშვობის შესახებ ღიად ისაუბრა

"13 წლის ასაკში ნარკოტიკებით ვვაჭრობდი, ვმათხოვრობდი", - ევრამ მძიმე ბავშვობის შესახებ ღიად ისაუბრა
თარიღი 28 აპრ 2022, 19:39

საფრანგეთის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ აღიარა, რომ ბავშვობაში ნარკოტიკებით ვაჭრობდა და მათხოვრობდა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა BBC-ის შოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც სტუმრები საკუთარ თავზე სამ ფაქტს ასახელებენ - ორი სიმართლე, ერთი სიცრუეა.

"ნარკოტიკებით ვაჭრობა. მათხოვრობა მაღაზიის წინ. ტელევიზორების გამყიდვლად მუშაობა. აქედან ერთ-ერთი სიმართლეს არ შეესაბამება".

"ტელევიზორები არ გამიყიდია. დანარჩენი სიმართლეა. ამას 13 წლის ასაკში ვაკეთებდი", - ციტირებს ევრას სიტყვებს Daily Mail-ი.

პატრისმა აღნიშნა, რომ გარკვეულ მომენტში მათხოვრობასა და სიღარიბეს ნორმად აღიქვამდა.

"ზოგჯერ შუაღამისას სანაგვე კონტეინერში ვიქექებოდით, როცა იქ ცივ "ბიგ მაკებს" ყრიდნენ. როცა მამაჩემი ოჯახიდან წავიდა, ყველაფერი ქაოსს დაემსგავსა".

"ფეხბურთმა გადამარჩინა. 17 წლის ასაკში იტალიაში ჩავედი (1998 წელს ევრამ პროფესიონალური კარიერა იტალიურ "მარსალაში" დაიწყო). მახსოვს, როცა ჩავედით, საჭმელი მოგვცეს".

"ამის შემდეგ ჩემს ოთახში გავედი და დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი: "დე, აქ ნამდვილი სამოთხეა. ხალხს ჩვენთვის საჭმელი მოაქვს - ერთ მხარეს ორი ჩანგალია, მეორე მხარეს კი ორი დანა".

"ეს ჩემი საუკეთესო მოგონებაა", - დასძინა ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელსაც გარდა "მანჩესტერ იუნაიტედისა", "ნიცას", "მონაკოს", "იუვენტუსის", "მარსელისა" და "ვესტ ჰემის" ღირსებაც დაუცვია.