ავტორიზაცია

შეისყიდის თუ არა ბარსელონა ადამა ტრაორეს კონტრაქტს?

შეისყიდის თუ არა ბარსელონა ადამა ტრაორეს კონტრაქტს?
თარიღი 02 მაი 2022, 20:55

საეჭვოა, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ "ვულვერჰემპტონის" გარემარბის, ადამა ტრაორეს კონტრაქტი შეისყიდოს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Marca წერს, კატალონიური გრანდი, რომელსაც 26 წლის ესპანელის გადაბირება 30 მილიონ ევროდ შეუძლია, აღნიშნულ პუნქტს არ გააქტიურებს.

ტრაორემ შეტევის მარჯვენა ფლანგზე უსმან დემბელესთან კონკურენცია წააგო - ბოლო 11 მატჩიდან 8-ში სასტარტოში ფრანგი მოგვევლინა. ამ მიზეზით "ბარსას" ხელმძღვანელობა ადამაში ამხელა თანხის გადახდას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

"ბარსელონასა" და "მალიორკას" (2:1) შორის გამართულ გუშინდელ შეხვედრაში დემბელემ მინდორზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ანგინის გამო შეიძლებოდა მატჩი გამოეტოვებინა. ხავიმ ტრაორე ასეთ სიტუაციაშიც კი არ ათამაშა და მარჯვენა ფლანგზე ფერან ტორესი დააყენა, მარცხენაზე კი - მემფის დეპაი.

მიმდინარე სეზონში ადამამ ლა ლიგის 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 2 შედეგიანი პასი გააკეთა.