ანჩელოტი: "მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო ძალები გამოვნახეთ"
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტის" დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, მადრიდულმა გრანდმა საპასუხო 1/2 ფინალურ შეხვედრაში "ქალაქელებს" ანგარიშით 3:1 (დ.დ) მოუგო (პირველი მატჩი - 3:4) და ფინალში გავიდა.
"ვერ ვიტყვი, რომ ასეთ ცხოვრებას მიჩვეულები ვართ, მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა, "პსჟ"-სთან და "ჩელსისთან" უკვე ვიხილეთ", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.
"თუ იკითხავთ, როგორ ხდება, მაშინ ეს კლუბის ისტორიაა, რომელიც გვეხმარება არ დავნებდეთ, როცა ისე ჩანს, თითქოს უკვე გავვარდით".
"მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო ძალების გამონახვა შევძელით. ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩავატარეთ".
"როცა ანგარიში გავათანაბრეთ (ორი მატჩის ჯამში), დამატებით დროში ფსიქოლოგიური უპირატესობა გვქონდა".
"გაგვიჭირდა, "სიტი" თამაშს აკონტროლებდა, მაგრამ ბოლო მომენტში თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა მოვახერხეთ".
"მიხარია, რომ პარიზში, ფინალში კიდევ ერთ ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდებით. ამას მიჩვეულები ვართ. ფანტასტიკური მატჩი იქნება", - დასძინა ანჩელოტიმ.