ავტორიზაცია

მარადონას მაისური, რომელიც 1986 წლის მუნდიალის 1/4 ფინალში ეცვა, აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა

მარადონას მაისური, რომელიც 1986 წლის მუნდიალის 1/4 ფინალში ეცვა, აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა
თარიღი 05 მაი 2022, 17:37

ლეგენდარული დიეგო მარადონას მაისური აუქციონზე რეკორდულ 9,28 მილიონ დოლარად (7,14 მლნ ფუნტი) გაიყიდა.

ზედა, რომელიც არგენტინელს 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ეცვა, დაახლოებით 5,25 მლნ დოლარად (4,2 მლნ ფუნტი) იყო შეფასებული.

მოგეხსენებათ, იმ შეხვედრაში მარადონამ გოლი ხელით გაიტანა, რასაც მოგვიანებით "ღმერთის ხელი" უწოდეს. გარდა ამისა, ამ მატჩში დიეგომ "საუკუნის გოლიც" შეაგდო, მოედნის საკუთარი ნახევრიდან საოცარი სოლო რეიდი შეასრულა და რამდენიმე მეტოქე მოატყუა.

ეს მაისური ინგლისის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, სტივ ჰოჯს ეკუთვნოდა, სწორედ ამ უკანასკნელს გაუცვალა დიეგომ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ თავისი ზედა.

ლეგენდარული არგენტინელი თავდამსხმელის მაისურის გაყიდვა სპორტული პროდუქციისთვის რეკორდულ გარიგებად იქცა.

აქამდე, აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული სათამაშო ფორმა "იანკისის" ყოფილი მოთამაშის, ბეიბ რუთის ბეისბოლის ჯერსი გახლდათ. მისმა ფასმა 5,64 მილიონი დოლარი შეადგინა.