"Hala Madrid!!!", - გრილიშმა 2014 წლის აპრილში დაწერილი ტვიტი წაშალა
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, ჯეკ გრილიშმა 2014 წლის აპრილში დაწერილი ტვიტი წაშალა: ""Hala Madrid!!!".
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას "ქალაქელები" ნახევარფინალური სტადიიდან "რეალმა" გამოთიშა, არადა მანჩესტერელები 90-ე წუთამდე ორი მატჩის ჯამში ორბურთიანი უპირატესობით იყვნენ წინ.
გრილიში მინდორზე 78-ე წუთზე გაბრიელ ჟეზუსის ნაცვლად მოგვევლინა. 1:0-ის დროს, "სიტის" შემტევმა ორი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.
მალევე, "რეალის" ახალგაზრდა შემტევმა, როდრიგო გოესმა წუთნახევარში დუბლი გაიფორმა. მადრიდელებმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს, სადაც 95-ე წუთზე კარიმ ბენზემას მიერ შესრულებული ზუსტი თერთმეტმეტრიანის წყალობით იმარჯვეს.
"მანჩესტერ სიტის" მარცხისა და გავარდნის შემდეგ, სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა 2014 წლის აპრილში გრილიშის მიერ დაწერილი ტვიტი, როცა "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნს" მოუგო: "Hala Madrid!!!".
მას შემდეგ, რაც აღნიშნული პოსტი სოცქსელებში გავრცელდა, გრილიშმა ის თავისი ტვიტერის ანგარიშიდან წაშალა.