ალეგრი: "ანჩელოტის მოდურ მწვრთნელად არ თვლიდნენ, მაგრამ ტენდენციები დროებითია, კლასიკა კი რჩება"
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კარლო ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მიულოცა.
მოგეხსენებათ, "რეალმა" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტი" ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა.
"ჯადოსნური თამაში იყო. პირველ რიგში, ორსატოს გამოვყოფ, თამაშს კარგად წარუძღვა, ჩემთვის საუკეთესო იტალიელი მსაჯია", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.
"რეალმა" დაამტკიცა, რომ ფინალურ სასტვენამდე მატჩი არასოდეს სრულდება. ხასიათი და ინდივიდუალურობა სხვაობას ქმნის - როგორც ტექნიკა და ფიზიკური სიძლიერე".
"ჩემი კომპლიმენტები კარლოს. რაღაც ექსტრაორდინალური გააკეთა. აკრიტიკებდნენ, მიუხედავად მის მიერ მოგებული ყველა ტიტულისა, მასში მოდურ მწვრთნელს ვერ ხედავდნენ. მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ტენდენციები დროებითია, კლასიკა კი რჩება. ლურჯი ან ნაცრისფერი კოსტუმის მსგავსად".
"ანჩელოტი კლასიკური მწვრთნელია, კარიერის მანძილზე ეს ბევრჯერ დაამტკიცა. ხუთ სხვადასხვა ლიგაში მოიგო საჩემპიონო ტიტული და მხოლოდ მილოცვა შეგვიძლია", - დასძინა "იუვენტუსის" დამრიგებელმა.