ანჩელოტი: "სიტისთან მატჩის წინ, ფეხბურთელებს ამ სეზონში შესრულებული ქამბექების ვიდეო ვაყურებინე"
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ შემატა თავის ფეხბურთელებს "მანჩესტერ სიტისთან" გამართული მატჩის წინ მოტივაცია.
მოგეხსენებათ, "სამეფო კლუბმა" "ქალაქელები" ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
საპასუხო ნახევარფინალური დაპირისპირების წინ, "ბლანკოსის" სამწვრთნელო შტაბმა მოთამაშეებს ამ სეზონში გუნდის მიერ შესრულებული ქამბექების ამსახველი ვიდეო აყურებინა.
"ვიდეოში ამ სეზონში ჩვენს მიერ შესრულებული რვავე ქამბექი იყო და შემდეგი ფრაზით სრულდებოდა: "კიდევ ერთი აკლია". ეს გავაკეთეთ", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.
ცნობისთვის, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მიმდინარე გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში "რეალი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 მაისს, პარიზში, "სტად დე ფრენსზე" შედგება.