ჰოლანდის ახალი კლუბი პრაქტიკულად გარკვეულია — ESPN

"ჩელსიმ" "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდისთვის სანქციების გამო ვერ იბრძოლა და დიდი ალბათობით, ნორვეგიელი "მანჩესტერ სიტიში" გადავა.
როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ლონდონურ კლუბში იმედგაცრუებულები არიან, რომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა კლუბი 21 წლის სუპერვარსკვლავისთვის ბრძოლას ჩამოაშორა.
"არისტოკრატები" რომელუ ლუკაკუთი იმედგაცრუებულები არიან. სავარაუდოდ, ბელგიელს წასვლის ნებას მისცემენ, თუ გასულ ზაფხულს მასში გადახდილი 115 მილიონი ევროს უმეტესი ნაწილის ამოღება გახდება შესაძლებელი. ამისათვის "ჩელსიმ" მისი შემცვლელი უნდა იპოვოს. ალბათ, როცა "ჩელსის" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის საშუალება მიეცემა, ჰოლანდის ტრანსფერზე მუშაობის დაწყება ძალიან გვიანი იქნება.
გასულ ზაფხულს ლონდონელთა მთავარი სამიზნე სწორედ ერლინგი იყო, მაგრამ "დორტმუნდმა" მისი გაშვება იუარა. ამის შემდეგ კლუბმა ლუკაკუს კანდიდატურაზე გაამახვილა ყურადღება.
ახლა კი ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ნორვეგიელი მომდევნო სეზონს "მანჩესტერ სიტიში" დაიწყებს. ხელფასსა და აგენტებისთვის გადასახდელ საკომისიოზე მხარეები უკვე შეთანხმდნენ. ივნისამდე "ქალაქელები" ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის პუნქტს გააქტიურებენ და 75 მილიონ ევროს გადაიხდიან.
ჰოლანდის შესაძენად მანჩესტერული კლუბი აგებულ სახელფასო სტრუქტურას არ დაარღვევს, წერენ ESPN-ის წყაროები. ერლინგი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, მაგრამ მისი ხელფასი კვირაში 375 ათას ფუნტზე მაღალი არ იქნება, რამდენსაც ამჟამად ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი გამოიმუშავებს.
"ჩელსის" ნამდვილად უნდოდა ჰოლანდის ხელში ჩაგდება და დიდი ალბათობით, კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებული ჰქონდა, მაგრამ კლუბის გარშემო შექმნილმა გაურკვევლობამ გარიგება შეუძლებელი გახადა.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.