ავტორიზაცია

ბარსელონა ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს — შორტ ლისტში 3 ნახევარმცველია

ბარსელონა ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს — შორტ ლისტში 3 ნახევარმცველია
თარიღი 10 მაი 2022, 16:17

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ჩამშლელი ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევს, რომ ზაფხულში შემადგენლობა უნდა გაძლიერდეს და თითოეულ პოზიციაზე ორი კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი ჰყავდეს, თუ კლუბს მომავალ სეზონში ტიტულებისთვის ბრძოლა სურს.

ერთ-ერთი პოზიცია, რომელსაც "ბარსას" მწვრთნელების აზრით გაძლიერება სჭირდება, ჩამშლელი ნახევარმცველია. ამჟამად "ბარსას" ამ ზონაში მხოლოდ სერხი ბუსკეტსი ჰყავს, ამ უკანასკნელს ივლისში 34 წელი უსრულდება.

ხავი და "ბლაუგრანას" სპორტული მენეჯმენტი ამ პოზიციის გაძლიერების შესაძლებლობას რამდენიმე თვე განიხილავდნენ და სამი კანდიდატი შეარჩიეს. ესენი არიან: მარტინ სუბიმენდი ("სოსიედადი"), ორელიენ ტჩუამენი ("მონაკო") და რუბენ ნევეში ("ვულვერჰემპტონი"), წერს Diario Sport-ი.

"ბარსას" სამწვრთნელო შტაბს ყველაზე მეტად სუბიმენდი მოსწონს, რადგან ბუსკეტსს ამსგავსებს. კატალონიელთათვის მთავარ პრობლემად შეიძლება ის იქცეს, რომ 23 წლის ესპანელს "სოსიედადთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლამდე აკავშირებს, გამოსასყიდი თანხა კი 60 მილიონ ევროს შეადგენს და "ბარსას" ფასის დაკლებაზე მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს.

"ბლაუგრანას" ტჩუამენიც ესიმპათიურება, მაგრამ მისთვის სხვა გრანდებიც იბრძვიან და კონკურენცია დიდია. ფრანგს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ნახევარმცველად მიიჩნევენ. 22 წლის ფეხბურთელმა მომავალ ზაფხულს "მონაკოს" დატოვება გადაწყვიტა. მისი ხელში ჩაგდება "რეალს", "პსჟ"-ს და ინგლისურ კლუბებს (მაგალითად, "ლივერპულს") სურთ. მონაკოელები 60 მილიონს ითხოვენ და შეიძლება ძლიერი კონკურენციის პირობებში ეს "ბარსასთვის" დაბრკოლებად იქცეს.

ნევეშს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ვულვერჰემპტონიდან" წასვლა უნდა და "ბარსელონა" მას უკვე დაუკავშირდა. კატალონიელები 25 წლის პორტუგალიელისადმი ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენენ და კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშთან პოტენციური ტრანსფერი უკვე განიხილა. მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი. ნევეშის საწყისი ფასი 60 მილიონს შეადგენს, თუმცა მენდეშსა და "ვულვერჰემპტონს" შორის არსებული კარგი ურთიერთობა სიტუაციის გამარტივებას შეუწყობს ხელს.