ავტორიზაცია

კოლოსალური ციფრები — საერთო ჯამში რა თანხას დახარჯავს მანჩესტერ სიტი ჰოლანდში?

კოლოსალური ციფრები — საერთო ჯამში რა თანხას დახარჯავს მანჩესტერ სიტი ჰოლანდში?
თარიღი 10 May 2022, 16:45

ცნობილი გახდა, საერთო ჯამში რამდენს დახარჯავს "მანჩესტერ სიტი" "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერში.

როგორც The Telegraph-ი წერს, ინგლისურ კლუბს ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი 213 მილიონი ფუნტი (248,5 მლნ ევრო) დაუჯდება.

"სიტი" 21 წლის თავდამსხმელის კონტრაქტში ჩადებული გამოსასყიდი თანხის პუნქტს აამოქმედებს და 75 მილიონ ევროს (64 მლნ ფუნტი) გადაიხდის.

ახალგაზრდა ფორვარდი 5-წლიანი კონტრაქტის მიხედვით 107 მილიონ ფუნტს (ამ თანხაში ხელმოწერისთვის მისაღები ბონუსიცაა გათვალისწინებული) მიიღებს. ფეხბურთელის წარმომადგენლები და აგენტები დაახლოებით 50 მილიონით (42 მლნ ფუნტი) იხეირებენ.

ორშაბათს, "დორტმუნდის" ნებართვით, ჰოლანდმა "მანჩესტერ სიტის" ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ბრიუსელში სამედიცინო შემოწმება გაიარა. სავარაუდოდ, ერლინგი ბორუსიელთა დღევანდელ ვარჯიშს დაესწრება და ბუნდესლიგის დასკვნით ტურში "ჰერტას" წინააღმდეგ მონაწილეობას მიიღებს.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა.