მანე ფიქრობს, რომ ლა ლიგაში ოქროს ბურთის მოგების მეტი შანსი ექნება და სასურველი კლუბიც შეარჩია
"ბარსელონა" "ლივერპულის" გარემარბ სადიო მანეთი ინტერესდება, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.
გავრცელებული ინფორმაციით, სენეგალელმა, რომელსაც მერსისაიდულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, შესაძლოა ინგლისი დატოვოს.
როგორც აღინიშნება, 30 წლის აფრიკელს ლა ლიგაში სურს თამაში და ყველაზე მეტად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ვარიანტი იზიდავს.
კატალონიურ გრანდთან დაახლოებული წყაროების ცნობით, კლუბი მანეს გადაბირების შესაძლებლობას ნამდვილად განიხილავს. "ბარსაში" იციან, რომ სადიოს ესპანეთის ჩემპიონატში თამაში სურს, რადგან მისი აზრით, იქ ასპარეზობით აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და "ოქროს ბურთის" მოგების შანსებიც გაეზრდება.
მანე მზადაა "ბარსაში" გადავიდეს. მას მიაჩნია, რომ კატალონიურ გრანდში თამაში მის გუნდურ და ინდივიდუალურ მიღწევებს მეტ წონას შესძენს.
მოგეხსენებათ, "ბარსელონა" აქამდე ერლინგ ჰოლანდისთვის ("დორტმუნდი"), მოჰამედ სალაჰისთვის ("ლივერპული") და რობერტ ლევანდოვსკისთვის ("ბაიერნი") იბრძოდა, მაგრამ კატალონიელებს ამ ფეხბურთელებზე უარის თქმა მოუწიათ.
აქამდე სადიოსადმი "ბაიერნის" ინტერესის შესახებაც დაიწერა.
მიმდინარე სეზონში მანემ ყველა ტურნირზე ერთად "ლივერპულის" მაისურით 47 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.