ავტორიზაცია

MARCA-მ გაამხილა მიზეზები, რომელთა გამოც რეალის ხელმძღვანელობამ ჰოლანდისთვის არ იბრძოლა

MARCA-მ გაამხილა მიზეზები, რომელთა გამოც რეალის ხელმძღვანელობამ ჰოლანდისთვის არ იბრძოლა
თარიღი 10 მაი 2022, 18:12

ცნობილი გახდა, თუ რატომ არ იყიდა "რეალმა" "დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

მოგეხსენებათ, ამ კვირაში ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. "ბლანკოსი" 21 წლის ფორვარდის შეძენის ვარიანტს ბოლო მომენტამდე არ გამორიცხავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში შეთავაზება მაინც არ გააკეთა.

მადრიდელთა ხელმძღვანელობა ჰოლანდს ყოველთვის ძალიან საინტერესო ფეხბურთელად თვლიდა. მასზე ყურადღება ჯერ კიდევ "მოლდეში" თამაშისას გაამახვილეს, მაგრამ მაშინ "რეალის" ბოსებმა გადაწყვიტეს, რომ ერლინგს საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო თვეებში "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა ერლინგს არ დაკავშირებია, რათა კლუბის მთავარი სამიზნე, "პსჟ"-ს ფორვარდი, კილიან მბაპე არ დაეფრთხო. "რეალი" ცხადყოფდა - ჰოლანდის ტრანსფერის შემთხვევაშიც კი, გუნდის ლიდერი მბაპე იქნება.

მადრიდში წარმატების მიღწევის მთავარ ასპექტად გასახდელში არსებულ ატმოსფეროს მიიჩნევენ. ამჟამად "რეალს" უკიდურესად მოკრძალებული ფეხბურთელები ჰყავს, არცერთი ფეხბურთელი არ ფიქრობს იმას, რომ მას უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს, ვიდრე დანარჩენებს. სავარაუდოდ, მბაპეს ტრანსფერი სიტუაციას შეცვლის, ჰოლანდის მოსვლით კი მდგომარეობა ზედმეტად ხელშესახები გახდებოდა.

როგორც "რეალში" ფიქრობენ, კარიმ ბენზემა ტოპ დონეზე კიდევ მინიმუმ ორი სეზონი იასპარეზებს. კარიმს მბაპე შეცვლის, როცა მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. კილიანმა ამის შესახებ იცის და მდგომარეობას ეგუება.

გარიგების ფინანსურმა პარამეტრებმაც მნიშვნელოვანი როლი იქონია იმაზე, რომ "რეალმა" ჰოლანდის ყიდვაზე უარი თქვა. მადრიდელებმა ტრანსფერი 350 მილიონ ევროდ შეაფასეს და ეს თანხა გადაჭარბებულად მიიჩნიეს. დიდი როლი ითამაშა აგენტებისა და ფეხბურთელის წარმომადგენლების მიერ მოთხოვნილმა საკომისიომაც.

გარდა ამისა, "რეალს" ერლინგის გახშირებული ტრავმებიც აფრთხობდა.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა.