"რაც შემეძლო გავაკეთე და ვიმედოვნებ, რაღაც კვალს დავტოვებ", - კიელინიმ იუვენტუსიდან წასვლა დაადასტურა
"იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ტურინული გრანდიდან წასვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
"ბოლო 10 წელიწადი შესანიშნავი იყო, ახლა კი ბიჭებმა უნდა გააგრძელონ დაწყებული საქმე. რაც შემეძლო გავაკეთე და ვიმედოვნებ, რაღაც კვალს დავტოვებ", - ციტირებს 37 წლის იტალიელის სიტყვებს Football Italia.
"ორშაბათს ჩემს სტადიონს დავემშვიდობები, შემდეგ კი, თუ ძალები შემორჩება, ბოლოჯერ ფლორენციაში ვიასპარეზებ".
"ეს 100%-ით ჩემი გადაწყვეტილებაა, მიხარია, რომ ახლაც უმაღლეს დონეზე ვარ და ასე მივდივარ. წლების განმავლობაში ვამბობდი, არ მინდა მაშინ დასრულება, როცა ძველებურ დონეზე თამაშის ძალა აღარ მექნება-თქო".
"ყველაფერი გავიღე და მალე "იუვენტუსის" ყველაზე ერთგული გულშემატკივარი ვიქნები მათ შორის, ვინც გარეთაა. კლუბში გატარებული ამდენი წლის შემდეგ, გრძნობებისგან თავის დაღწევა შეუძლებელია", - დასძინა კიელინიმ.
ვეტერანმა იტალიელმა "იუვესთან" ერთად იტალიის ჩემპიონატი 9-ჯერ, იტალიის თასი და სუპერთასი კი 5-5-ჯერ მოიგო.