ავტორიზაცია

AS: გრიზმანისა და მორატას ბარტერი არ შედგება, ბარსელონა ატლეტიკოს სხვა შემტევის ტრანსფერზე მუშაობს

AS: გრიზმანისა და მორატას ბარტერი არ შედგება, ბარსელონა ატლეტიკოს სხვა შემტევის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 15 მაი 2022, 13:16

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "ატლეტიკოს" გარემარბის, ჟოაო ფელიქსის ხელში ჩაგდების იმედს არ კარგავს.

ხუთშაბათს, კატალონიელთა გენერალური დირექტორი, მატეუ ალემანი მადრიდული კლუბიდან თავის კოლეგა მიგელ ანხელ ხილს ესპანეთის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა, სადაც პორტუგალიის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერი განიხილეს.

გასულ ზამთარს "ბარსელონამ" შემდგომი გამოსყიდვის უფლებით ფელიქსის იჯარით დამატება უკვე სცადა, მაგრამ "როხიბლანკომ" უარი თქვა.

ახალგაზრდა შემტევი 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს, თუმცა თავად ფელიქსი "კამპ ნოუზე" გადაბარგების წინააღმდეგი არ არის.

გარდა ამისა, როგორც გავლენიანი გამოცემა AS-ი წერს, არ დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალემანიმ და ხილმა ფორვარდ ანტუან გრიზმანის თავდამსხმელ ალვარო მორატაში გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს - მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ამჟამად იჯარით "იუვენტუსში" თამაშობს.

ერთი თვის წინ გავრცელებული ცნობით, ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო ფელიქსისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.