"იმედი მაქვს, ერთ დღესაც ლეო ბარსელონაში დაბრუნდება", - მესის მამა კატალონიაში ჩავიდა
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, ლიონელ მესის მამა ბარსელონაში ჩავიდა, იტყობინება ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო.
ხორხე მესის ელ პრატის აეროპორტში მედიის წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებსაც უთხრა: "ვიმედოვნებ, ერთ დღესაც ლეო "ბარსელონაში" დაბრუნდება".
შეგახსენებთ, 34 წლის სუპერვარსკვლავმა "ბარსა" გასულ ზაფხულს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა. ფინანსური პრობლემების გამო, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" არგენტინელს ახალი ხელშეკრულება ვერ გაუფორმეს.
ცნობისთვის, ლეო "ბლაუგრანას" აკადემიის აღზრდილია და კატალონიელთა პირველ გუნდში 2005 წლიდან თამაშობდა.
მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.