ბარსელონა ტერ შტეგენით უკმაყოფილოა და შეიძლება გაყიდოს — ესპანური პრესა

შესაძლოა, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გოლკიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გაყიდოს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, კარგი წინადადების მიღების შემთხვევაში, კატალონიური გრანდი 30 წლის გერმანელის გაშვების ვარიანტს არ გამორიცხავს, რომელიც კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ბარსა" სხვა კლუბების დაინტერესებას ელის.
"ბლაუგრანა" ამ სეზონში ტერ შტეგენის თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ არის. სეზონის სტარტი მან მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა, შემდეგ კი გუნდი ისეთ ეპიზოდებში ვერ გადაარჩინა გაშვებული ბურთებისგან, სადაც, როგორც კლუბში ფიქრობენ, მეტის გაკეთება შეეძლო.
"ლურჯ-ბროწეულისფრებს" იმედი აქვთ, რომ მომდევნო სეზონში გუნდს 23 წლის ინიაკი პენია დაუბრუნდება. ეს უკანასკნელი ამჟამად იჯარით "გალათასარაიში" ირიცხება. დიდი ალბათობით, სწორედ პენია გახდება მეორე მეკარე. ნეტო კი ზაფხულში სავარაუდოდ გუნდს შეიცვლის.
მიმდინარე სეზონში ტერ შტეგენმა "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, საიდანაც კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა. ამ შეხვედრებში გერმანელმა საერთო ჯამში 55 გოლი გაუშვა.