რეალმა მბაპეს ტრანსფერი გასულ კვირაში დახურა — MARCA
"რეალმა" "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ტრანსფერი დახურა, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირაში მადრიდული გრანდი და ფრანგი სუპერვარსკვლავი საბოლოოდ შეთანხმდნენ.
როგორც აღინიშნება, მთელი სეზონის მანძილზე "სამეფო კლუბი" სანდო ხალხის მეშვეობით ცდილობდა მბაპეს დათანხმებას, ყოველგვარი პირდაპირი კონტაქტის გარეშე - კილიანი ამას თავს არიდებდა, მიუხედავად იმისა, რომ 1 იანვრიდან "რეალთან" და ნებისმიერ სხვა კლუბთან მოლაპარაკებების გამართვის უფლება ჰქონდა.
ორშაბათს და სამშაბათს, როცა მბაპე მადრიდში იმყოფებოდა, "ბლანკოსის" გენერალურმა დირექტორმა, ხოსე ანხელ სანჩესმა ყველა ადრე დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. კერძოდ, სხვა ფეხბურთელების აგენტებს სანჩესთან მათი შეხვედრების გადადების შესახებ აცნობეს. მთელი ეს დრო მადრიდელთა გენდირექტორმა მბაპესთან ყველაფრის საბოლოოდ შეთანხმებაზე დახარჯა.
"რეალი" 23 წლის თავდამსხმელის ტრანსფერს ოფიციალურად იქამდე არ დაადასტურებს, სანამ თავად ფეხბურთელი არ გამოაცხადებს ამის შესახებ.
მბაპე "სამეფო კლუბთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მადრიდში იმაზე ბევრად ნაკლები ხელფასი ექნება, ვიდრე "პსჟ" სთავაზობდა. არსებული ცნობით, "რეალი" კილიანს წლიურად 25 მილიონ ევროს გადაუხდის.
გუშინ ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა თქვა, რომ საკუთარ მომავალზე მიღებულ გადაწყვეტილებას საფრანგეთის ნაკრების შეკრებამდე გამოაცხადებს, რომელიც 28 მაისს იწყება.
მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი პასი გააკეთა.