ავტორიზაცია

პოგბას სატრანსფერო საგა გრძელდება — რომელი კლუბია ფრანგის ხელში ჩაგდების მთავარი ფავორიტი?

პოგბას სატრანსფერო საგა გრძელდება — რომელი კლუბია ფრანგის ხელში ჩაგდების მთავარი ფავორიტი?
თარიღი 16 მაი 2022, 15:43

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, 29 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს, რომელიც "ეშმაკუნებს" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმება და სეზონში ხელფასის სახით 10 მილიონ ევროზე მეტის გამომუშავება სურს. ამ დროისთვის, "ბებერ ქალბატონს" ამხელა თანხის გადახდა არ შეუძლია.

"იუვესთვის" იდეალური იქნებოდა ვარიანტი, რომლის მიხედვითაც პოგბა კლუბში დაახლოებით 7 მილიონს მიიღებს. შესაძლებელია 3-წლიანი კონტრაქტი, 8-მილიონიანი ანაზღაურებით.

დღეს, პოგბას წარმომადგენლებსა და "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას შორის პოტენციური ტრანსფერის თაობაზე პირველი შეხვედრა გაიმართება. მხარეები ხელშეკრულების ვადისა და ხელფასის საკითხს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ პოგბასთვის "პსჟ"-ც იბრძვის. პარიზელები მზად არიან პოლის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. იმისათვის, რათა ფრანგულ კლუბს აჯობოს, "იუვენტუსი" დღეს ხელშეკრულების პირობებზე პოზიციების მაქსიმალურად დაახლოებას ეცდება.

მიმდინარე სეზონში პოლმა ყველა ტურნირზე ერთად "ეშმაკუნების" მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.