"ბეილი რეალს სეზონის ბოლოს დატოვებს", - აგენტმა უელსელის მიერ შესაძლო კარიერის დასრულებაზე მიანიშნა
მადრიდის „რეალის“ შემტევის, გარეტ ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა დაადასტურა, რომ უელსელი სეზონის ბოლოს დედაქალაქურ გრანდს დატოვებს.
„ბეილი მადრიდის „რეალს“ დატოვებს. ინგლისში დაბრუნება? ეს შესაძლებელია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული უელსის ნაკრებზე იქნება, კონკრეტულად კი იმაზე, თუ რას იზამენ ისინი მუნდიალის შესარჩევის პლეი-ოფში.
ამის შემდეგ, გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ.“ - აღნიშნა ბარნეტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, თუ უელსი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავა, ბეილმა შესაძლოა საფეხბურთო კარიერა სულაც დაასრულოს. „რეალთან“ კონტრაქტი მას ამ სეზონის ბოლოს ეწურება.