ბუფონი ოქროს ბურთზე: "2003 წელს ტოპ 5-შიც კი ვერ მოვხვდი, არადა ჩლ-ის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს"
"იუვენტუსის" ყოფილი, ამჟამად კი "პარმას" გოლკიპერის, ჯანლუიჯი ბუფონის აზრით, "ოქროს ბურთის" დაჯილდოვების შედეგები ყოველთვის ლოგიკური არ გახლავთ.
– გაბრაზებული ხარ იმის გამო, რომ "ოქროს ბურთი" არასოდეს მოგიგია?
"ლოგიკას ყოველთვის არ აქვს ადგილი. 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, რაც მეკარისთვის იშვიათობაა, მაგრამ საუკეთესოთა ხუთეულშიც კი ვერ მოვხვდი".
– ჟურნალისტებმა არ გაამახვილეს ყურადღება? გამბედაობა არ ეყოთ?
"ჩემთვის სულერთია, რადგან გარკვეული ჯილდოები არ მაინტერესებს. თუმცა, მერიტოკრატიას ვისურვებდი, რადგან ეს სპორტია და მას ხშირად ვერ ვხედავ", - ციტირებს 44 წლის იტალიელის სიტყვებს France Football-ი.
მოგეხსენებათ, 2003 წელს "ოქროს ბურთი" პაველ ნედვედმა ("იუვენტუსი") მოიგო, მეორე ადგილი ტიერი ანრიმ ("არსენალი") დაიკავა, ხოლო მესამეზე პაოლო მალდინი ("მილანი") გავიდა. თავის მხრივ, ბუფონს მხოლოდ მე-9 პოზიცია ერგო.