"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღო", - სად გააგრძელებს კარიერას კიელინი?
"იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე კარიერის MLS-ში შესაძლო გაგრძელებაზე განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, 37 წლის იტალიელ უკანახაზელს ტურინელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
"გადავალ თუ არა MLS-ში? გულწრფელად ვამბობ, არ ვიცი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღო", - ციტირებს კიელინის სიტყვებს Football Italia.
"საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება კულტურულ დონეზე უფრო მდიდარია, ვიდრე თამაშის მხრივ, ამიტომაც ვგრძნობ საჭიროებას, გამოვცადო სხვა კულტურა და მივიღო გამოცდილება "იუვენტუსში" ცხოვრების მიღმა, რომელსაც ასე კარგად ვიცნობ. მალე ყველაფერს ოჯახთან ერთად გადავწყვეტ", - დასძინა "ბებერი ქალბატონის" კაპიტანმა.
მიმდინარე სეზონში კიელინიმ ყველა ტურნირზე ერთად "იუვეს" მაისურით 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა.