მანჩესტერ სიტი ჰოლანდზე არ გაჩერდება — ზაფხულისთვის გვარდიოლას გუნდში დიდი ცვლილებები იგეგმება

"მანჩესტერ სიტი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის შემადგენლობის გადაწყობას გეგმავს, იუწყება ESPN-ი.
გავლენიანი გამოცემის თანახმად, "ქალაქელები" მხოლოდ "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ყიდვით არ შემოიფარგლებიან.
ასე და ამგვარად, "სიტი" ზაფხულში ნახევარმცველისა და ფლანგის მცველის ყიდვასაც გეგმავს. ფერნანდინიომ კლუბიდან წასვლა უკვე დაადასტურა, ბენჟამენ მენდი კი პირადი მიზეზების გამო თამაშს ვერ ახერხებს.
არიან ალექსანდრ ზინჩენკოთი დაინტერესებული კლუბები. გარდა ამისა, მანჩესტერელები ელიან, რომ გაბრიელ ჟეზუსი "არსენალისა" და "იუვენტუსის" მხრიდან არსებული ყურადღების ფონზე წასვლას მოითხოვს. თუ ეს მოხდება, პეპ გვარდიოლა მას ხელს არ შეუშლის.
ჰოლანდის ტრანსფერი ჟეზუსის დაკარგვას აანაზღაურებს. ამასთანავე, "სიტის" არგენტინელი ფორვარდი, ხულიან ალვარესიც შეუერთდება, რომელიც კლუბმა ჯერ კიდევ იანვარში შეიძინა. სავარაუდოდ, ზაფხულში მიიღებენ გადაწყვეტილებას იმაზე, დარჩება თუ არა იგი პირველ გუნდში.
"სიტი" ელოდება, რომ ილკაი გიუნდოგანი დარჩება, მიუხედავად შესაძლო წასვლაზე გავრცელებული ცნობებისა. გუნდთან დაახლოებული წყაროების თანახმად, გერმანელ ნახევარმცველს გაშვება არ მოუთხოვია. სავარაუდოდ, გიუნდოგანი 2023 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს ბოლომდე ამოწურავს.
არსებული ცნობით, "სიტი" რაჰიმ სტერლინგთანაც გამართავს მოლაპარაკებებს, ვისაც ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების წინ, ინგლისელი ითხოვს გარანტიას, რომ პროექტში კვლავ ცენტრალური როლი ექნება. თუ "ქალაქელთა" რიგებს დატოვებს, მაშინ სხვა ინგლისურ კლუბში გადასვლის ვარიანტებს განიხილავს.