ავტორიზაცია

სიტის ჰოლანდში გადახდილი თანხის ამოღება ჟეზუსის გაყიდვით სურს და არსენალს მისი ფასი შეუთვალა

სიტის ჰოლანდში გადახდილი თანხის ამოღება ჟეზუსის გაყიდვით სურს და არსენალს მისი ფასი შეუთვალა
თარიღი 20 May 2022, 11:52

"არსენალს" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, გაბრიელ ჟეზუსის შეძენაში ეჭვი ეპარება, წერს ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელები" ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლოდ, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, 55 მილიონ ფუნტს (თითქმის 65 მლნ ევრო) ითხოვენ, რითაც "მეთოფეები" გაკვირვებულები არიან.

ასეთი შეფასება არა მხოლოდ ჟეზუსისადმი "სიტის" პატივისცემას, არამედ "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდში დახარჯული 60 მილიონის "ამოღებასაც" უკავშირდება.

მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას ურჩევნია 25 წლის სამხრეთამერიკელი შეინარჩუნოს, მაგრამ არც მისი გაშვების წინააღმდეგი იქნება, თუ ამას თავად ფორვარდი მოითხოვს.

ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენის შემთხვევაში, "არსენალი" გაბრიელის ხელში ჩაგდების შანსებს პრაქტიკულად დაკარგავს. "მეთოფეთა" ხელმძღვანელობა სეზონის შედეგებს დაელოდება და შემდეგ გადაწყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს. აღინიშნება, რომ ლონდონურმა კლუბმა ბიუჯეტში ტოპ ოთხეულში მოხვედრა არ გაითვალისწინა, ამიტომაც თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, ეკონომიკური თვალსაზრისით, სატრანსფერო გეგმები არ შეიცვლება.

"არსენალის" მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა ჟეზუსის დიდი თაყვანისმცემელია, ვისთან ერთადაც სწორედ "სიტიში" მუშაობდა, სადაც პეპ გვარდიოლას ასისტენტი გახლდათ. მიუხედავად ამისა, კლუბი შეტევის გასაძლიერებლად სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

მიმდინარე სეზონში ჟეზუსმა ყველა ტურნირზე ერთად "სიტის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.