"ბავშვობის ოცნება დაგიმსხვრიეს", - პერესის პასუხი მბაპეს, როდესაც პსჟ-ში დარჩენის შესახებ ამცნო
ცნობილი გახდა "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპესა და "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის დიალოგის დეტალები.
როგორც ესპანელმა ჟურნალისტმა, ხოსეპ პედრეროლმა El Chiringuito-ს ეთერში თქვა, პარიზელთა შემტევმა მადრიდული გრანდის ხელმძღვანელს შემდეგი შეტყობინება გაუგზავნა:
"გატყობინებთ, რომ "პსჟ-ში" დარჩენა გადავწყვიტე. მადლობა, რომ მომეცით საშუალება, მქონოდა შანსი მეთამაშა "რეალ მადრიდში". გუნდში, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ.
იმედია, გაიგებთ ჩემს გადაწყვეტილებას. წარმატებები ჩემპიონთა ლიგის ფინალში".
არსებული ცნობით, "რეალის" პრეზიდენტმა ფრანგს ასეთი პასუხი გასცა: "ვწუხვარ, რომ ბოლო დღეებში ყველაფერი ასე განვითარდა. ბავშვობის ოცნება დაგიმსხვრიეს. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ".
მოგეხსენებათ, "პსჟ"-მ მბაპეს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2025 წლამდე გაუხანგრძლივა.