ავტორიზაცია

ბაიერნმა გნაბრის მაქსიმალური ხელფასი შესთავაზა და პასუხს ელოდება — რა აფერხებს ფეხბურთელს?

ბაიერნმა გნაბრის მაქსიმალური ხელფასი შესთავაზა და პასუხს ელოდება — რა აფერხებს ფეხბურთელს?
თარიღი 24 მაი 2022, 01:33

"ბაიერნის" გარემარბს, სერჟ გნაბრის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

უკვე დიდი ხანია, რაც მიუნხენელებმა 26 წლის გერმანელს წინადადებით მიმართეს, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ხელფასი 17-19 მილიონი ევრო იქნება. "რეკორდმაისტერს" მეტის შეთავაზება არ შეუძლია.

როგორც გავლენიანი გამოცემა Bild-ი წერს, გნაბრი იმედგაცრუებულია იმით, რომ ეს წინადადება მხოლოდ ზედმეტად გაჭიანურებული მოლაპარაკებების შემდეგ მიუვიდა, ამასთანავე ზოგიერთ მის თანაგუნდელს ხელშეკრულება წინასწარ გაუხანგრძლივეს.

სერჟს შეთავაზებაზე ჯერ არც უარი უთქვამს და არც თანხმობა განუცხადებია. იმ შემთხვევაში, თუ 2023 წელს იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა, სხვა კლუბში არა მხოლოდ მაღალი ხელფასი, კონტრაქტის გაფორმებისთვის სოლიდური ბონუსიც ელის.

2021/22 წლების სეზონში გნაბრიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.