ჰიონესი ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე: "გერმანიაში ბარსელონა დიდი ხნის გაკოტრებული იქნებოდა"
"ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი, ული ჰიონესი ფიქრობს, რომ რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" ტრანსფერი შეუძლებელია.
"ბაიერნში" ჯერ ერთ ადამიანსაც კი არ ვიცნობ, რომელიც კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე რობერტის გაშვებას დათანხმდება".
"თუ დარჩება, კარგად ითამაშებს და გერმანიაში თავს კვლავ კომფორტულად იგრძნობს, მაშინ შეიძლება იანვარში მოვიდეს და თქვას: "ვაუ, აქ ისე მომწონს, ალბათ, კიდევ ორი ან სამი წელი დავრჩები", - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს RTL-ი.
გარდა ამისა, ფუნქციონერი 33 წლის პოლონელისადმი "ბარსელონას" ინტერესზე გავრცელებული ინფორმაციითაც გაკვირვებულია.
"წერენ, რომ "ბარსას" ლევანდოვსკის შეძენა უნდა. 6 თვის წინ მათი ვალი 1,3 მილიარდი ევრო იყო. გერმანიაში დიდი ხნის წინ გამოაცხადებდნენ გაკოტრებულად!".
"1,3 მლრდ ევრო ვალი, გაკოტრების საფრთხე კარზე მომდგარი, თქვენ კი "ბაიერნის" ფეხბურთელს მრავალმილიონიანი წინადადებით მიმართავთ. თქვენ, ჟურნალისტებმა უნდა ჰკითხოთ: "ნამდვილად გაქვთ ამის შესაძლებლობა?", - დასძინა ჰიონესმა.