ავტორიზაცია

"რა არის სამგურალის წარმატების მთავარი ფორმულა?" - ინტერვიუ გიორგი მიქაძესთან

"რა არის სამგურალის წარმატების მთავარი ფორმულა?" - ინტერვიუ გიორგი მიქაძესთან
თარიღი 24 May 2022, 12:44

ალბათ, ნაკლებად წარმოიდგენდა ვინმე, თუ ეროვნულ ლიგაში 15 ტურის შემდეგ წყალტუბოს "სამგურალი" 29 ქულით მესამე ადგილზე იქნებოდა და ლიდერებს წინააღმდეგობას გაუწევდა.

ფაქტია, იმერული კლუბი ბრწყინვალე შედეგებს აფიქსირებს, ზედიზედ 8 თამაშია არ წაუგია და მე-16 ტურში ლიდერ "დინამო ბათუმთან" მიზნად გამარჯვებას ისახავს.

თუ რა არის კლუბის ასეთი წარმატებული სერიის მთავარი ფორმულა, ამაზე GOAL.GE "სამგურალის" მთავარ მწვრთნელს გიორგი მიქაძეს ესაუბრა.

სეზონის სტარტზე წარმოიდგენდით, რომ დღეს "სამგურალი" მოწინავე პოზიციებზე იქნებოდა?

როცა აქ მოვედი და ხელმძღვანელობას შევხვდი, 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და გეგმად დავისახე, რომ პირველ წელს მოხდებოდა გუნდის შენება, მეორე წელს კი ევროტურნირებზე გასვლისთვის ვიბრძოლებდით, თუმცა ბიჭებმა იმდენად მალე აუღეს ყველაფერს ალღო, რომ წარმატებული პერიოდი მოვიდა. ეიფორიაში არ ვართ და ისიც ვიცით, რომ ჩავარდნა სადღაც მაინც იქნება.

ობიექტურად, "სამგურალს" არ ჰყავს იმ დონის ფეხბურთელები, როგორიც თუნდაც "დინამო თბილისს" და "დინამო ბათუმს" - რამდენად შეგწევთ ძალა და რესურსი, რომ ამ ორ გუნდს წინააღმდეგობა სეზონის ბოლომდე გაუწიოთ?

ამას მომდევნო თამაშები გვიჩვენებს. ჩვენ არავის შედეგებს არ ვუყურებთ, ჩვენი მიზანი ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ბრძოლაა და მხოლოდ ჩვენს შედეგებს, ჩვენს სატურნირო მდგომარეობას და ჩვენს კალენდარს ვუყურებთ. ახლა ბათუმში კარგი გამოცდა გველის და ეს მატჩი ბევრ რამეს დაგვანახებს, თან ბოლოს სწორედ ბათუმთან წავაგეთ. იმ მატჩისგან განსხვავებით, ახლა ბევრად უკეთ გამოვიყურებით და ბევრად უკეთ ვართ მომზადებული.

რა უნდა დაუპირისპიროთ ხვიჩა კვარაცხელიას?

კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია, ჩვენი ჩემპიონატის ბრილიანტია ისიც და დავითაშვილიც. კვარაცხელიას აყვანა ადვილი არ იქნება, თუმცა მის გარდა ბათუმში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს, ძირითადშიც და სათადარიგოზეც, ამიტომ ჩვენი მიზანი არა კონკრეტული ფეხბურთელის, არამედ მთლიანად გუნდის განეიტრალებაა.

და მაინც..რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

გუნდურობა, პროფესიონალიზმი და კონკრეტული თამაშისთვის კარგად მომზადება. მოდი, სიღრმისეულ ტაქტიკურ დეტალებს აქ არ გავშლი, ჩემთვის შევინახავ (იცინის), ყველა ფეხბურთელი თავის დავალებას კარგად ასრულებს, ვაფასებთ ყველა მეტოქეს და საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს. ჩვენ არ ვეძებთ სახელს და გვარებს, ჩვენ გვინდა ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც უნდათ და შეუძლიათ თამაში.

როგორც ახსენეთ, ყველა ფეხბურთელი თავის დავალებას კარგად ასრულებს, ერთი უცნაური ფაქტია - ამ სეზონში "სამგურალის" მიერ გატანილი გოლების უმრავლესობა მოდის მცველებისგან, ან შედარებით არაშემტევი მოთამაშეებისგან, ეს უბრალოდ დამთხვევაა თუ თქვენი ტაქტიკის ნაწილია?

გეთანხმებით, ეს ტაქტიკური ელემენტებია. დღევანდელ ფეხბურთში უტევს 11 ფეხბურთელი და თავს იცავს 11 ფეხბურთელი. როგორც შემტევებს მოეთხოვებათ გოლის გატანა, ისე მცველებსა და ნახევარმცველებსაც. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ტაქტიკურ ჩანაფიქრს ყველა კარგად ასრულებს და აქედან გამომდინარე ხდება, რომ გოლის მონაწილე ყველა პოზიციის ფეხბურთელი ხდება.

როცა გუნდს მაღალი მიზნები აქვს, აუცილებელია ჰქონდეს კარგი პირობები, როგორი სიტუაციაა ამ მხრივ "სამგურალში?"

პირობებით დიდად ვერ დავიკვეხნით. ვგულისხმობ იმას, რომ ვარჯიში ზესტაფონში გვიწევს და ცოტა დიდ გზას გავდივართ ხოლმე, თუმცა როგორც იცით, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის წყალტუბოში ბაზა შენდება და წვალება აღარ მოგვიწევს. ხელმძღვანელობა ყველაფერში ხელს გვიწყობს, ორივე მხარემ ვიცით, რა სჭირდება გუნდს და მთავარი ესაა.

როგორც ვთქვით, წარმატებისთვის აუცილებელია პირობები, მაგრამ ასევე აუცილებელია ფეხბურთის დიდი სიყვარული იმ ქალაქში, რომლის სახელსაც კლუბი ატარებს...

წყალტუბოში ფეხბურთი ყველას უყვარს და მაქსიმალურად ცდილობენ, გვერდში დაგვიდგნენ. თავიდან ზესტაფონში ვთამაშობდით და ჩვენს კუთხეს მოწყვეტილები ვიყავით. რაც ჩვენს სტადიონზე გადმოვედით, მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ, ვახარებთ და ისინიც გვახარებენ.

ყველგან, სადაც იმუშავეთ, დადეთ ის შედეგი, რაც იმ მომენტში გუნდს ჰქონდა დასახული - "თელავი" და "სამტრედია" უმაღლესში დატოვეთ, ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებას მიაღწიეთ და ა.შ. - როგორ ხედავთ თქვენს თავს დიდ გუნდებში, სადაც ჯერ არ გიმუშავიათ? - იგულისხმება "დინამო თბილისი", "საბურთალო" და  გუნდები, რომლებსაც აკადემია აქვთ.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექტივია. ფეხბურთელის შესაძლებლობა განაპირობებს იმას, რომ კონკრეტული მიზანი დავსახო. მწვრთნელმა რაც არ უნდა ტაქტიკური კონსტრუქცია ააწყოს, მთავარი მაინც მოედანზე ხდება და მაღალი დონის ფეხბურთელები რომ გყავს, ფუფუნებაც დიდია. აკადემია ყველა გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აკადემია კლუბის სული და გულია. ეს ფინანსურადაც მომგებიანია და კლუბის ფილისოფიისთვისაც, ასეთ კლუბებში მუშაობა კი ყველას სურს. ჩემი მიზანია ჯერ შედეგი იმ გუნდში დავდო, სადაც ამჟამად ვიმყოფები.

და ბოლოს...საქართველოს ნაკრებზე გვესაუბრეთ

საქართველოს ნაკრები ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე. სანიოლმა წინა მატჩებში ბევრი ტაქტიკური ექსპერიმენტი ჩაატარა, კარგი თამაშები აჩვენა და ნაყოფიერად იმუშავა. სწორედ კარგი მუშაობის შედეგია, რომ მოგებები დავიწყეთ. ვთვლი, რომ ერთა ლიგაზეც შეგვიძლია მოწინავე პოზიციები დავიკავოთ და გულშემატკივრმა გაიხაროს. ვქომაგობ და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი