ავტორიზაცია

უარი პარი სენ ჟერმენს — ტჩუამენი არჩევანს ორ ტოპ კლუბს შორის გააკეთებს

უარი პარი სენ ჟერმენს — ტჩუამენი არჩევანს ორ ტოპ კლუბს შორის გააკეთებს
თარიღი 24 მაი 2022, 12:59

"მონაკოს" ჩამშლელ ნახევარმცველს, ორელიენ ტჩუამენის საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, კილიან მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, "რეალმა" 22 წლის ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა.

მადრიდულ გრანდს მონაკოელთა შუახაზელთან აქამდეც ჰქონიათ კონტაქტი, მაგრამ მბაპეს გამო "ბლანკოსს" ორელიენის ამ ზაფხულს გადაბირების საშუალება არ ჰქონდა და კლუბმა მოლაპარაკებების გადადება ითხოვა. ახლა კი, როცა კილიანმა ტრანსფერზე უარი თქვა, "სამეფო კლუბი" მოლაპარაკებებს მიუბრუნდა, მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა, რადგან ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის "ლივერპულიც" იბრძვის.

"რეალში" ზუსტად იციან, რომ ტჩუამენის "მონაკოს" დატოვება რაც შეიძლება სწრაფად სურს. ამჟამად იგი არსებული ვარიანტების განხილვის პროცესშია, მაგრამ "პსჟ"-ს ყველა შემთხვევაში უარს ეტყვის, რადგან საფრანგეთში დარჩენა არ უნდა.

ტჩუამენის მიზანი მოედანზე რეგულარულად გასვლაა, ამიტომაც "რეალსა" და "ლივერპულში" არსებულ მდგომარეობას ამის მიხედვით აფასებს. ეს საკითხი მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების რიგებში მნიშვნელოვანი როლის შესრულება უნდა. აღინიშნება, რომ მას მადრიდში გადასვლა ურჩიეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

თუ ტჩუამენი საბოლოო ჯამში "რეალში" აღმოჩნდება, მაშინ გუნდიდან აუცილებლად წავა დანი სებალოსი. არსებული ცნობით, ახალგაზრდა ფრანგი "ბლანკოსისთვის" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერების ერთადერთი ვარიანტი არ არის.

2021/22 წლების სეზონში ტჩუამენიმ ყველა ტურნირზე ერთად "მონაკოს" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.