ავტორიზაცია

მოდრიჩი მბაპეზე: "რეალი მწვერვალზე დარჩება, კლუბი ნებისმიერ ფეხბურთელზე მნიშვნელოვანია"

მოდრიჩი მბაპეზე: "რეალი მწვერვალზე დარჩება, კლუბი ნებისმიერ ფეხბურთელზე მნიშვნელოვანია"
თარიღი 26 მაი 2022, 12:39

"რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა მადრიდულ გრანდში გადასვლას პარიზში დარჩენა ამჯობინა.

– მომიწევს მბაპეს შესახებ გკითხო

"არა მგონია, ამ თემის განხილვა ღირდეს. მხოლოდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი – ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ეს უნდა დავივიწყოთ და ამაზე აღარ ვილაპარაკოთ, რადგან მნიშვნელობა აღარ აქვს".

– იმედი გაგიცრუვდა?

"არა".

– არა?

"არა, რადგან არაფერი ვიცოდით. არანაირი მოლოდინი არ მქონია. ამაზე მთელი წლის მანძილზე ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ არაფერი ვიცოდით. წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია და ეს არის ყველაზე მთავარი".

"რეალი" კვლავ მწვერვალზე იქნება, კლუბი ნებისმიერ ფეხბურთელზე მნიშვნელოვანია და ამაზე ჩაციკვლა არ ღირს".

"ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც განვითარება შეუძლია, შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს და ალბათ, აფასებენ იმას, რაც აქვთ. შესაძლოა, ეს მოთამაშეები მომავალში დიდ ვარსკვლავებად იქცნენ".

– კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივე?

"არა".

– და როდის გაახანგრძლივებ?

"ვიმედოვნებ, მალე".

– შეთანხმება მიღწეულია?

"არა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს".

– ოღონდ მბაპეს მსგავსად არ მოიქცე!

"არა, რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, კლუბიც არ მომექცევა ასე. ვხუმრობ. კარგი ურთიერთობა გვაქვს და ის, რაც უნდა მოხდეს, მოხდება", - ციტირებს ხორვატის სიტყვებს COPE.