ბარსელონაში დანი ალვეშის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

დიდი ალბათობით, "ბარსელონას" მარჯვენა მცველი, დანი ალვეში კატალონიური გრანდის რიგებში დარჩება.
39 წლის ბრაზილიელი "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტის ნახევარი წლით გახანგრძლივებასთან (2022 წლის დეკემბრამდე) ახლოსაა, თანამშრომლობის კიდევ 6 თვით გაგრძელების (2023 წლის ივნისამდე) შესაძლებლობით.
როგორც ცნობილი ბრაზილიური გამოცემა UOL-ი წერს, ალვეში უმაღლეს დონეზე ასპარეზობის გაგრძელებას გეგმავს, რათა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.
აღსანიშნავია, რომ გამოცდილ სამხრეთამერიკელს "ბარსასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
2021/22 წლების სეზონში ალვეშმა, რომელიც "ბლაუგრანას" ზამთარში შეუერთდა, ყველა ტურნირზე ერთად კატალონიელთა მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი გააკეთა.