ავტორიზაცია

"ჩელსის ახალ მფლობელებს წარმატებებს ვუსურვებ", - აბრამოვიჩი გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს

"ჩელსის ახალ მფლობელებს წარმატებებს ვუსურვებ", - აბრამოვიჩი გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს
თარიღი 28 May 2022, 21:57

"ჩელსის" აწ უკვე ყოფილმა მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა ლონდონური კლუბის გაყიდვის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"თითქმის სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც დავადასტურე, რომ "ჩელსის" ვყიდდი. ამ დროის განმავლობაში გუნდი თავდაუზოგავად მუშაობდა კლუბისთვის შესაფერისი მფლობელის პოვნაზე, რომელიც საუკეთესო პოზიციაში იქნებოდა კლუბის ახალ დონეზე ასაყვანად".

"დიდი პასუხისმგებლობაა იყო "ჩელსის" მფლობელი. ამ კლუბში თითქმის 20 წლის წინ მოვედი და საკუთარი თვალით დავინახე, თუ რისი მიღწევა შეუძლია ამ კლუბს".

"ჩემი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ მომდევნო მფლობელს ჰქონოდა აზროვნება, რომელიც კაცთა და ქალთა გუნდების წარმატებას უზრუნველყოფდა, აგრეთვე კლუბის სხვა ძირითადი ასპექტების განვითარების სურვილი და სწრაფვა ექნებოდა - როგორიცაა აკადემია და "ჩელსის" ფონდი".

"ეს ძიება წარმატებით დასრულდა, რითაც მოხარული ვარ. როდესაც "ჩელსის" ახალ მფლობელებს გადავცემ, მინდა მათ წარმატებები ვუსურვო მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც".

"იყო ამ კლუბის ნაწილი - ეს მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე დიდი პატივია. მსურს მადლობა გადავუხადო კლუბის ყველა ყოფილ და ამჟამინდელ ფეხბურთელს, თანამშრომლებს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს ამ წარმოუდგენელი წლებისათვის".

"ვამაყობ, რომ ჩვენი ერთობლივი წარმატების შედეგად მილიონობით ადამიანი მიიღებს სარგებელს ახლადშექმნილი საქველმოქმედო ფონდისგან. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ერთად შევქმენით. მადლობა. რომანი", - წერია აბრამოვიჩის განცხადებაში.

ლონდონელებმა კლუბის გაყიდვა დღეს ოფიციალურად დაადასტურეს - "ჩელსი" ამერიკელმა ბიზნესმენმა, ტოდ ბოელიმ და კონსორციუმმა Clearlake Capital-მა 4,25 მილიარდი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინეს. როგორც ვარაუდობენ, გარიგება 30 მაისს დაიხურება.