რატომ დაიწყო ჩემპიონთა ლიგის ფინალი 36 წუთის დაგვიანებით? — ყველაფერი დეტალურად
ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების გადამწყვეტი შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო.
"რეალისა" და "ლივერპულის" მატჩს თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა აეღო სტარტი, მაგრამ როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, სტარტი თავდაპირველად 15 წუთით გადაიდო.
უეფას განმარტებით, მიზეზი ის გახლდათ, რომ გულშემატკივრები "სტად დე ფრანსზე" დროულად ვერ შევიდნენ.
ჟურნალისტ მიგელ დილეინის ცნობით, "ლივერპულის" გულშემატკივრები სტადიონზე სამი საათით ადრე მივიდნენ, მაგრამ შეღწევა მაინც ვერ მოახერხეს.
მალევე გამოცხადდა, რომ მატჩის დაწყება სტადიონზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კიდევ 15 წუთით გაჭიანურდებოდა.
"ლივერპულის" ბილეთიანი ფანები გარეთ იმიტომ დარჩნენ, რომ მათი 15 ათასი უბილეთო გულშემატკივარი შეიჭრა სტადიონზე, რამაც არეულობა გამოიწვია.
სტადიონის მიდამოებში დიდი არეულობა იყო, პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება და სიტუაციის ამ გზით დალაგება დასჭირდა.
მატჩი იქამდე არ განახლდა, სანამ "ლივერპულის" ბილეთიანი გულშემატკივრები სტადიონზე არ შევიდნენ.
სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის გადადგომის მოთხოვნები.
საბოლოო ჯამში, შეხვედრა თბილისის დროით 23:36 საათზე განახლდა.