უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ მომხდარი არეულობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ მომხდარი არეულობის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მოგეხსენებათ, "რეალისა" და "ლივერპულის" (1:0) დაპირისპირება 36 წუთით გვიან დაიწყო. მაყურებელთა ნაწილი "სტად დე ფრანსზე" ვერ შევიდა, სტადიონის მისადგომებთან უზარმაზარი რიგები იდგა. მერსისაიდელთა ზოგიერთი გულშემატკივრის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებაც გახდა საჭირო.
"მატჩის წინ, "ლივერპულისთვის" განკუთვნილი ტურნიკეტები ათასობით გულშემატკივრის მიერ დაიბლოკა, რომლებმაც ყალბი ბილეთები შეიძინეს და სტადიონზე შესვლა ვერ მოახერხეს".
"ამის შედეგად, ფანები შიგნით შეღწევას სხვადასხვა გზით ცდილობდნენ, რის გამოც შეხვედრის სტარტი 35 წუთით გადაიდო, რათა მოედანზე რაც შეიძლება მეტი ნამდვილი ბილეთის მქონე გულშემატკივარი შესულიყო".
"რადგანაც თამაშის დაწყების შემდეგ სტადიონის მისადგომებთან ხალხის რაოდენობა იზრდებოდა, პოლიციამ ისინი ცრემლსადენი გაზით დაარბია და სტადიონის დატოვება აიძულა".
"უეფა თანაუგრძნობს მათ, ვინც ამ მოვლენების გამო დაზარალდა და სასწრაფოდ განიხილავს აღნიშნულ საკითხს საფრანგეთის პოლიციასთან და ხელისუფლებასთან ერთად, საქმეში იქნება ჩართული საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაც", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.