ბარსელონას კულიბალის შეძენა უნდა და მზად არის ტრანსფერში ნაპოლისთვის სასურველი ფეხბურთელი ჩართოს
"ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის შეძენას აპირებს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Sport.es-ი იტყობინება, სენეგალის ნაკრების 30 წლის ფეხბურთელში ნეაპოლელები 35 მილიონ ევროს ითხოვენ.
ფასის შესამცირებლად, კატალონიური გრანდი მზად არის ტრანსფერში იტალიური კლუბის სამიზნე ჩართოს - ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, რომელმაც გასული სეზონი იჯარით "ბეშიქთაშში" გაატარა.
გარიგების გაჩარხვას ხელი შესაძლოა იმანაც შეუწყოს, რომ ორივე ფეხბურთელის ინტერესების დამცველი ცნობილი საფეხბურთო აგენტი ფალი რამადანია. ეს უკანასკნელი ამ კვირაში "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება.
2021/22 წლების სეზონში კულიბალიმ ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.