ავტორიზაცია

სიები უკვე შედგენილია — ხავის ზაფხულში 10-12 ფეხბურთელის გაშვება და 8 ახალწვეულის დამატება უნდა

სიები უკვე შედგენილია — ხავის ზაფხულში 10-12 ფეხბურთელის გაშვება და 8 ახალწვეულის დამატება უნდა
თარიღი 01 ივნ 2022, 14:37

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ხავის სურს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კატალონიელებმა 8 ფეხბურთელი იყიდონ და 10-12 მოთამაშე გაუშვან.

უახლოეს საათებში ესპანელი სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას შეხვდება და მასთან შესაძლო რესტრუქტურიზაციას განიხილავს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, ხავიმ პოტენციური ახალწვეულებისა და გუნდიდან წამსვლელთა სიები უკვე შეადგინა.

შეხვედრას "ბლაუგრანას" დირექტორი, მატეუ ალემანი, პრეზიდენტის მრჩეველი, ხორდი კრუიფი და ვიცე-პრეზიდენტი, რაფა იუსტეც დაესწრებიან.

მათ შორის, რომელთა ხილვაც ხავის თავის კოლექტივში სურს, შემდეგი ფეხბურთელები შედიან: ანდრეას კრისტენსენი, სესარ ასპილიკუეტა, მარკოს ალონსო (ყველა - "ჩელსი"), ფრანკ კესიე ("მილანი"), რუბენ ნევეში ("ვულვერჰემპტონი"), რაფინია დიასი ("ლიდსი") და რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი").

ზოგიერთი ზემოთნახსენები მოთამაშის ტრანსფერის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია. მაგალითად, კრისტენსენისა და კესიესი, რომლებიც "ბარსაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადიან. ორი ფეხბურთელის შესახებ "ბლაუგრანა" კონკრეტულ კლუბთან მართავს მოლაპარაკებებს. საუბარია "ჩელსის" უკანახაზელებზე, ასპილიკუეტასა და ალონსოზე. ყველა დანარჩენის ტრანსფერი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფინანსურ შესააძლებლობებზეა დამოკიდებული.

სამშაბათს, დირექტორთა საბჭოს წევრთა შეხვედრაზე, "ბარსელონა" გეგმავს გადადგას ნაბიჯები, რომლებიც კლუბის ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და ფინანსურ ფეირ პლეისთან დაკავშირებულ სიტუაციას ისე შეცვლის, რომ ახალწვეულთა რეგისტრაცია შესაძლებელი გახდება.

ხავი ყველა იმ ფეხბურთელს უკვე ესაუბრა, ვინც მის გეგმებში არ შედის. ასე და ამგვარად, იგი პირადად შეხვდა ნეტოს, სამუელ უმტიტის, ოსკარ მინგესას, კლემან ლანგლეს, რიკი პუჩს, ადამა ტრაორეს, მარტინ ბრეიტუეიტსა და ლუკ დე იონგს.

ტრაორე და დე იონგი, რომლებიც "ბარსამ" იჯარით დაიმატა, თავიანთ კლუბებში დაბრუნდებიან - "ვულვერჰემპტონსა" და "სევილიაში", შესაბამისად.

"ბარსელონას" კიდევ ოთხი ფეხბურთელის მომავალია გაურკვეველი. უსმან დემბელეს, ვისაც კონტრაქტი ეწურება, ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება, მოაწერს თუ არა კატალონიელებთან ახალ ხელშეკრულებას ხელს. გარდა ამისა, "ბარსა" მზადაა ფრენკი დე იონგი, მემფის დეპაი და სერჟინიო დესტი გაყიდოს, თუ მიმზიდველ წინადადებებს მიიღებს.

ხავი ლაპორტას ყველა ამ გეგმას უახლოეს შეხვედრაზე გააცნობს.