რუდიგერის პირველი კომენტარი რეალში გადასვლის შემდეგ

"რეალის" ახალწვეულმა, ანტონიო რუდიგერმა მადრიდულ გრანდში გადასვლის შემდეგ გულშემატკივრებს თავისი ემოციები გაუზიარა.
მოგეხსენებათ, აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა, რომელმაც "ჩელსი" უფასოდ დატოვა, მადრიდულ გრანდთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"სიამაყით ვაცხადებ, რომ მადრიდის "რეალში" გადავედი", - წერს 29 წლის უკანახაზელი სოციალურ ქსელში.
"სიგიჟემდე აღფრთოვანებული ვარ ყველა იმ გამოწვევით, რომელიც მელოდება. სულმოუთქმელად ველოდები მომენტს, თუ როდის ჩავატარებ ამ დიდებული კლუბის მაისურით ჩემს პირველ მატჩებს", - დასძინა რუდიგერმა.
აღსანიშნავია, რომ "არისტოკრატთა" ღირსებას გერმანელი 2017 წლიდან იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან საერთო ჯამში 203 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.
რუდიგერმა "ჩელსისთან" ერთად 5 ტიტული მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ინგლისის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.