ავტორიზაცია

საქმეში რეალი ერთვება — როდის ამუშავდებიან მადრიდელები გნაბრის ტრანსფერზე?

საქმეში რეალი ერთვება — როდის ამუშავდებიან მადრიდელები გნაბრის ტრანსფერზე?
თარიღი 03 ივნ 2022, 15:30

მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბ სერჟ გნაბრის გადაბირებით ინტერესდება, იტყობინება AS-ი.

გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, გერმანელი ფეხბურთელი "სამეფო კლუბისთვის" ამ ზაფხულს შეტევის ხაზის გაძლიერების ერთ-ერთი ვარიანტია. ამჟამად "ბლანკოსი" მოლოდინის რეჟიმშია - სურს გაიგოს, თუ როგორ განვითარდება გნაბრისა და "რეკორდმაისტერს" შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებები, შემდეგ კი მოქმედებას დაიწყებს.

მიუნხენური გრანდისთვის რობერტ ლევანდოვსკის მომავალია მთავარი საკითხი. გნაბრის ვითარება მას შემდეგ გადაწყდება, როცა კლუბში პოლონელი სუპერვარსკვლავის მდგომარეობა გაირკვევა.

მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაახლოებულმა წყაროებმა AS-ს აცნობეს, რომ გნაბრის "ბაიერნში" "ლივერპულის" გარემარბის, სადიო მანეს შესაძლო გადასვლა არ აღელვებს. ამას მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ ექნება.

"რეალი" გარკვეული პერიოდს წინ გერმანელის აგენტებს დაუკავშირდა. მათი აზრით, მადრიდში გადაბარგება გნაბრისთვის მიმზიდველი ვარიანტია. მიუნხენელებს კი დავიდ ალაბასთან დაკავშირებული სიტუაციის გამეორება არ უნდათ, რომელიც "სამეფო კლუბში" უფასოდ გადავიდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გნაბრიმ "ბაიერნის" მაქსიმალური შეთავაზება იუარა - 19 მილიონი ევრო წელიწადში ხელფასის სახით.