ავტორიზაცია

Transfermarkt-მა ლა ლიგაში ფასები განაახლა | გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა!

Transfermarkt-მა ლა ლიგაში ფასები განაახლა | გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა!
თარიღი 04 ივნ 2022, 19:52

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიას" გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულებამ საგრძნობლად მოიმატა.

პოპულარულმა და ცნობილმა გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტომ, Transfermarkt-მა ლა ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების ფასები განაახლა.

ასე და ამგვარად, "ღამურების" ქართველი კარის დარაჯის ღირებულება გაორმაგდა - გიორგი აქამდე 5 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი 10 მილიონადაა შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ "ვალენსიას" რიგებში მამარდაშვილი მე-8 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ხოლო ქართველ ფეხბურთელებს შორის ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ მეორეა. თავის მხრივ, ბათუმის "დინამოს" შემტევი, რომელიც მომავალი სეზონიდან "ნაპოლიში" ითამაშებს, ამჟამად 15 მილიონი ღირს.

21 წლის გოლკიპერი ფასის მიხედვით მსოფლიოში 860-ე ადგილს იკავებს, ესპანეთის ჩემპიონატში 122-ეა, 2000 წელს დაბადებულ მოთამაშეებს შორის 68-ე, ხოლო მხოლოდ მეკარეებს შორის - 43-ე.

მოგეხსენებათ, მამარდაშვილი "ვალენსიაში" გასულ ზაფხულს ჩაირიცხა თბილისის "დინამოდან" იჯარით, პირველ იანვარს კი "ღამურებმა" მისი კონტრაქტი 850 ათას ევროდ შეისყიდეს.

2021/22 წლების სეზონში გიორგიმ ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ესპანური კლუბის ღირსება ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩში დაიცვა, 22 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა.