ჩუამენიმ რეალსა და პსჟ-ს შორის არჩევანი უკვე გააკეთა — MARCA
"მონაკოს" ჩამშლელ ნახევარმცველს, ორელიენ ჩუამენის "რეალში" გადასვლა ძალიან უნდა, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების ჩამშლელი მადრიდულ გრანდში გაშვებას ითხოვს, თუმცა "ბლანკოსისა" და "პსჟ"-ს მიერ გაკეთებული შეთავაზებები ერთმანეთისგან განსხვავდება: თუ "სამეფო კლუბი" ბონუსებთან ერთად 80 მილიონ ევროს იხდის, პარიზელები მზად არიან 100 მილიონი გადაიხადონ.
ამ ვითარებაში, "მონაკოს" "რეალის" წინადადებაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.
მადრიდელებს ჩუამენისთან კონტრაქტი გაფორმებული არ აქვთ - ეს წესის დარღვევა იქნება, რადგან 22 წლის ფეხბურთელს მონაკოელებთან მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს. მიუხედავად ამისა, მადრიდულ გრანდსა და ახალგაზრდა ნახევარმცველის წარმომადგენლებს შორის ყველა კონტაქტი ფრანგული კლუბის ნებართვით შედგა.
2021/22 წლების სეზონში ჩუამენიმ ყველა ტურნირზე ერთად "მონაკოს" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.