ავტორიზაცია

რეალი ჟეზუსის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს, ცნობილია პოტენციური ტრანსფერის პირობებიც

რეალი ჟეზუსის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს, ცნობილია პოტენციური ტრანსფერის პირობებიც
თარიღი 07 ივნ 2022, 13:35

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟეზუსმა კარიერა შესაძლოა "რეალში" გააგრძელოს, წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდული გრანდი ბრაზილიელის დამატების შესაძლებლობას განიხილავს, რომლის ტრანსფერიც 45-50 მილიონი ევრო დაუჯდება.

როგორც აღინიშნება, ჟეზუსი "რეალის" სპორტულ მენეჯმენტსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ძალიან მოსწონთ.

ხელფასი, რომლის მიღებაც გაბრიელს სურს, ზღაპრული ნამდვილად არ არის - ინგლისში იგი წლიურად დაახლოებით 7,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ტრანსფერს ხელი შესაძლოა იმან შეუშალოს, რომ 25 წლის ფორვარდი ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაშია დაბადებული. დაშვებული რაოდენობა ვინისიუს ჟუნიორს, როდრიგო გოესსა და ედერ მილიტაოს აქვთ შევსებული. დიდი ალბათობით, პირველი მათგანი ესპანურ პასპორტს აიღებს, მაგრამ ეს პროცესი გაჭიანურდა.

გასულ სეზონში ჟეზუსმა ყველა ტურნირზე ერთად "სიტის" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.