ავტორიზაცია

ორელიან ჩუამენი - მადრიდის რეალში! ტრანსფერის საინტერესო დეტალები - რატომ დანებდა პსჟ?!

ორელიან ჩუამენი - მადრიდის რეალში! ტრანსფერის საინტერესო დეტალები - რატომ დანებდა პსჟ?!
თარიღი 07 ივნ 2022, 21:43

ორელიან ჩუამენის ტრანსფერი მადრიდის „რეალში“ უბრალოდ დროის ამბავია.

დღეს ყველა ავტორიტეტული გამოცემა და მათ შორის, ყველასთვის კარგად ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ერთხმად იტყობინებიან, რომ „რეალი“ და „მონაკო“ ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

უახლოეს პერიოდში კლუბები ყველა დეტალს ოფიციალურად გააფორმებენ და ამის შემდეგ „რეალი“ ჩუამენის ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს.

მადრიდულ კლუბს 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი 80 მილიონი ევრო დაუჯდება, კიდევ 20 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

ცნობისთვის, ჩუამენისთვის „პსჟ-ც“ იბრძოდა, კილიან მბაპე აქტიურად ცდილობდა თანამემამულე პარიზში წამოსვლაზე დაეყოლიებინა, თუმცა ფეხბურთელმა „რეალში“ წასვლა მტკიცედ გადაწყვიტა და აზრი აღარ შეუცვლია.

მეტიც, „პსჟ“ მზად იყო, „მონაკოსთვის“ 80+20 კი არა პირდაპირ 100 მილიონი ევრო შეეთავაზებინა, რამაც „რეალის“ და მონეგასკების მოლაპარაკებები გაართულა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი იმან გადაწონა, რომ ფეხბურთელს მხოლოდ ესპანეთში სურდა თამაში. ამის შედეგად, „პსჟ-მ“ მოლაპარაკებების მაგიდა პარასკევს დატოვა და დანებდა.