ახალი დეტალები — რეალისა და პსჟ-ს გარდა, ჩუამენის ხელში ჩაგდებისთვის კიდევ ერთი ტოპ კლუბი იბრძოდა
"პარი სენ ჟერმენი" მზად იყო "მონაკოს" ჩამშლელი ნახევარმცველის, ორელიენ ჩუამენის სანაცვლოდ "რეალზე" მეტი ფული გადაეხადა.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, პარიზელებმა უფრო მომგებიანი შეთავაზება გააკეთეს.
გარდა ამისა, ფრანგს "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპიც დაუკავშირდა, მაგრამ ფეხბურთელს მხოლოდ "სამეფო კლუბში" უნდოდა თამაში.
მეორე დღეს, "რეალმა" და "მონაკომ" მოლაპარაკებებში სერიოზულ წინსვლას მიაღწიეს. მადრიდულ გრანდთან 22 წლის ჩამშლელმა 2027 წლამდე გათვლილი კონტრაქტი პარიზში შეათანხმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ.
გუშინ კი კლუბებს შორისაც შედგა საბოლოო შეთანხმება. "ბლანკოსი" ჩუამენის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაიხდის, დამატებით 20 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
გასულ სეზონში "მონაკოს" ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.