მანჩესტერ სიტის თავსატეხი — ჰოლანდი იმ ნომერს ითხოვს, რომელიც უკვე დაკავებულია
ერლინგ ჰოლანდი "მანჩესტერ სიტის" ახალი ფეხბურთელის რანგში ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ, რისი მიზეზიც სათამაშო ნომერია.
მოგეხსენებათ, "ქალაქელებმა" 10 მაისს "დორტმუნდთან" შეთანხმება დაადასტურეს იმის თაობაზე, რომ 1 ივლისს ნორვეგიელი მათ რიგებს შეუერთდება. ორი კვირის წინ იგი პირადი თვითმფრინავით მანჩესტერში ჩავიდა, კლუბის ხელმძღვანელებთან ისადილა და ახალი სახლის ძიება დაიწყო. გარდა ამისა, ერლინგი დილას "სიტის" აკადემიასაც ესტუმრა.
თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც "სიტიმ" 21 წლის სუპერვარსკვლავის შეძენა დაადასტურა, მაგრამ კლუბს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია ახალწვეულის ოფიციალური ფოტოსესია.
ჰოლანდი ორი კვირის წინ "სიტის" ბაზაზე კლუბის მაისურით დადიოდა და ფოტოსესიისთვის ემზადებოდა. ასე და ამგვარად, მანჩესტერელთა ფორმაში ერლინგის ფოტოები უკვე მზად არის, მაგრამ ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. "როგორც კი "მან სიტის" ფეხბურთელი გახდება, კონტენტი გამოქვეუნდება", - თქვა წყარომ, მაგრამ პრეზენტაციისთვის არანაირი იურიდიული ბარიერი არ არსებობს.
აქ უფრო მნიშვნელოვან როლს ის ფაქტორი თამაშობს, რომ "სიტის" ასეთი მასშტაბის მქონე მოთამაშის შეძენით მაქსიმალური კომერციული სარგებლის მიღება სურს. ღონისძიება, სადაც ჰოლანდს გულშემატკივრებს წარუდგენენ, ანალოგიურად მოხდება - ისე, როგორც ჯეკ გრილიშის, რიად მაჰრეზის, როდრისა და ჟოაო კანსელოს შემთხვევაში. პრეზენტაცია სოცქსელების კამპანიის შემდეგ გაიმართება, რომელიც შეიძლება მომავალ კვირაში დაიწყოს.
კლუბს დღემდე არ დაუსახელებია ნორვეგიელის სათამაშო ნომერი და ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომელიც ჰოლანდის წარდგენას აფერხებს, წერს The Athletic-ი.
ფორვარდმა "დორტმუნდში" ორი სეზონი 9-ნომრიანი მაისურით გაატარა. არავისთვისაა საიდუმლო, რომ "სიტიშიც" ამ ნომრით სურს თამაში. მარტიდან ერლინგი ნორვეგიის ნაკრებშიც 9 ნომერია - ეს მისი გარემოცვის დაჟინებით გაკეთდა, რომელსაც ფორვარდის ბრენდის გაძლიერება უნდა. მაგრამ "სიტიში" ცხრიანი გაბრიელ ჟეზუსს ეკუთვნის, ეს უკანასკნელი კი შესაძლოა ამ ზაფხულს კლუბიდან წავიდეს.
შექმნილ ვითარებაში "სიტის" პოზიცია ნათელია: კლუბი ჟეზუსისთვის 9 ნომრის "წართმევას" არ აპირებს, სანამ გუნდის ფეხბურთელად რჩება, რადგან გასახდელისთვის ეს ცუდი გზავნილი იქნება. ფეხბურთელებს უნდათ, რომ ნომრები ბუნებრივად შეიცვალოს.