ავტორიზაცია

ბრძოლა სტერლინგისთვის — საქმეში 4 გრანდია ჩართული, მანჩესტერ სიტიმ ფასი დაასახელა

ბრძოლა სტერლინგისთვის — საქმეში 4 გრანდია ჩართული, მანჩესტერ სიტიმ ფასი დაასახელა
თარიღი 09 ივნ 2022, 19:35

"მანჩესტერ სიტის" გარემარბს, რაჰიმ სტერლინგს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მსურველთა რიგი უდგას.

ევროპული ტოპ კლუბები თვლიან, რომ ინგლისელი მზადაა "ქალაქელთა" რიგები დატოვოს. იმ გუნდებს შორის, რომლებსაც 27 წლის შემტევის ხელში ჩაგდება სურთ, "ჩელსიცაა", წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

სტერლინგს "სიტისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ხელმძღვანელობისთვის თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ჯერ არ უცნობებია.

ინგლისურ კლუბებს შორის რაჰიმისადმი ყველაზე დიდ ყურადღებას "ჩელსი" იჩენს. "რეალი" ინტერესით ადევნებს თვალს სიტუაციას. საქმეში "ბარსელონაცაა" ჩართული (გასულ ზაფხულს კატალონიელები უკვე განიხილავდნენ მის შეძენას), "ბაიერნი" კი მასში სადიო მანეს ალტერნატივას ხედავს, თუ სენეგალელის ტრანსფერზე "ლივერპულთან" შეთანხმებას ვერ მიაღწევს.

მომავალთან დაკავშირებით, ინგლისელის გადაწყვეტილება სათამაშო დროის ოდენობაზე იქნება დამოკიდებული. მას იმ გუნდში, რომელიც ყველაზე პრესტიჟული ტიტულების მოგებისთვის იბრძოლებს, წამყვანი როლის შესრულება სურს.

გასულ სეზონში სტერლინგი პრემიერ ლიგის 38 მატჩიდან 23-ში მოგვევლინა "სიტის" სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ძირითადად თადარიგიდან დაიწყო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" გამართული ნახევარფინალური დაპირისპირებაც. რაჰიმს მოედანზე ყოფნა პირველივე წუთებიდან სურს.

სტერლინგს "ჩელსის" ვარიანტი იზიდავს და ლონდონში დაბრუნება გაუხარდება - ქალაქში, სადაც გაიზარდა. "არისტოკრატთა" სკაუტები მას კარგ ვარიანტად მიიჩნევენ, რადგან პრემიერ ლიგაში თავისი დონე უკვე დაამტკიცა.

ამასთანავე, რაჰიმი "ჩელსის" სახელფასო სტრუქტურაში ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, მის სანაცვლოდ 50-60 მილიონ ფუნტს მოითხოვენ. "სიტი" ამ თანხას ითხოვს გაბრიელ ჟეზუსშიც, რომელიც ანალოგიურ სიტუაციაშია.

"ქალაქელებს" სტერლინგის უცხოურ კლუბში გაყიდვა ურჩევნიათ, რათა პრემიერ ლიგაში კონკურენტი არ გააძლიერონ. შესაძლოა, ამან "რეალსა" და "ბარსას" უპირატესობა მისცეს. ამავდროულად, "სიტის" გარისკვა და მომავალ ზაფხულს რაჰიმის უფასოდ დაკარგვა არ უნდა.

ზაფხულისთვის ლონდონური კლუბის პრიორიტეტი რამდენიმე მცველის ყიდვაა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი მიიჩნევს, რომ ის მოთამაშე სჭირდება, ვინც გოლებისა და ასისტების გაზრდაში დაეხმარება.

"ჩელსისთვის" სტერლინგი ერთადერთი ვარიანტი არ არის. კლუბი უსმან დემბელეთი ("ბარსელონა"), კრისტოფერ ნკუნკუთი ("ლაიფციგი") და რობერტ ლევანდოვსკითაც ("ბაიერნი") ინტერესდება. გარდა ამისა, ლონდონელებს "სიტის" სხვა შემტევის, გაბრიელ ჟეზუსის შეძენაც შესთავაზეს.

გასულ სეზონში 27 წლის გარემარბმა ყველა ტურნირზე ერთად მანჩესტერელთა მაისურით 47 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.