კონკრეტული ციფრებიც გასაჯაროვდა — გრანდი, რომელიც გავის ბარსაზე ბევრად დიდ ხელფასს სთავაზობს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის ნახევარმცველს, გავის ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ უთანხმდება.
როგორც ესპანურ მედიაში იწერება, "ლურჯ-ბროწეულისფრები" 17 წლის ფეხბურთელს წლიური ხელფასის სახით 2 მილიონ ევროს სთავაზობენ.
თუმცა, ეს იმაზე საგრძნობლად ნაკლებია, ვიდრე თავად ესპანელი და მისი აგენტი, ივან დე ლა პენია ითხოვენ.
ასე და ამგვარად, გავის "ბარსასთან" 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმება უნდა და სურს, რომ ანაზღაურებას ყოველ წელს უზრდიდნენ: 4 მილიონი პირველ წელს, 5 - მეორე წელს, 6 - მესამე წელს. ფეხბურთელის მხარე ხელშეკრულების მეოთხე წლისთვის ხელფასის შეთანხმებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იასპარეზებს იგი ამ პერიოდში.
არსებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ვუნდერკინდს პრემიერ ლიგიდან მინიმუმ ორი წინადადება უდევს მაგიდაზე, ერთ-ერთი მათგანი "ლივერპულისგანაა", რომელიც მზადაა მას წლიურად 9 მილიონი უხადოს. თუმცა, თავად გავისა და მისი გარემოცვის მიზანი "ბარსასთან" შეთანხმებაა.