ავტორიზაცია

მადრიდში აზარის ეიმედებათ — მბაპეს უარის შემდეგ, რეალი თავდამსხმელის ყიდვას აღარ აპირებს

მადრიდში აზარის ეიმედებათ — მბაპეს უარის შემდეგ, რეალი თავდამსხმელის ყიდვას აღარ აპირებს
თარიღი 10 ივნ 2022, 16:36

"რეალი", რომელსაც "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ტრანსფერი ჩაეშალა, ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელს არ იყიდის.

მადრიდული გრანდი ვერ ხედავს შეტევის ხაზის გაძლიერების საჭიროებას მას შემდეგ, რაც გუნდმა ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თქვა ესპანელმა ჟურნალისტმა, პაკო გონსალესმა El Partidazo de COPE-ს ეთერში.

თუ "სამეფო კლუბს" ლუკა იოვიჩი ან მარიანო დიასი დატოვებს, მაშინ გუნდში ბორხა მაიორალი დარჩება, რომელმაც გასული სეზონი იჯარით "ხეტაფეში" გაატარა. 25 წლის თავდამსხმელი წინასასეზონო მზადებას "რეალთან" ერთად გაივლის და მადრიდელები ამ ზაფხულს შეტევის ხაზს მხოლოდ მისით გააძლიერებენ.

კარლო ანჩელოტის განკარგულებაში, გასული სეზონის მსგავსად, კარიმ ბენზემა, ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოესი და მარკო ასენსიო იქნებიან. გარდა ამისა, "ბლანკოსში" სჯერათ, რომ ედენ აზარი საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს და ტოპ დონის თამაშს აჩვენებს.

მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს "რეალის" მთავარი სამიზნე "პსჟ"-ს სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე გახლდათ და ტრანსფერის დახურვასთან ახლოს იყო, თუმცა 23 წლის ფრანგმა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეიცვალა და პარიზში დარჩა.